პორტიჯი ადრეული განვითარების პროგრამაა, რომელიც სპეციალურად შეიქმნა დაბადებიდან 7 წლამდე ასაკის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის.

საქართველოში პორტიჯის ასოციაცია 2006 წლიდან მუშაობს.

ჩვენს შესახებ

რა არის პორტიჯი

პორტიჯი ადრეული განვითარების პროგრამაა, რომელიც სპეციალურად შეიქმნა დაბადებიდან 7 წლამდე ასაკის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის.

პროგრამას მე-20 საუკუნის სამოცდაათიან წლებში, ამერიკის შეერთებული შტატების პატარა ქალაქ პორტიჯში ჩაეყარა საფუძველი, სწორედ აქედან მომდინარეობს მისი დასახელებაც. პროგრამის დახვეწა და განვითარება ვისკონსინის უნივერსიტეტის განათლებისა და სპეციალური პედაგოგიკის ფაკულტეტზე ხდებოდა, საიდანაც იგი შემდეგ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა. პორტიჯის ადრელი განვითარების მეთოდოლოგია ფართოდაა დანერგილი დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში, ლატვიაში, ინდოეთში და ა.შ.

საქართველოს პორტიჯის ასოციაცია

საქართველოში პროგრამამ 2006 წელს დაიწყო მუშაობა, მას შემდეგ, რაც ლატვიის, საერთაშორისო სერთიფიკატის მქონე, სპეციალისტებმა პორტიჯის ადრეული განვითარების პროგრამით საქართველოში ტრენინგები ჩაატარეს.

დღეს საქართველოს პორტიჯის ასოციაციაში 10 კაციანი ადრეული განვითარების პედაგოგთა გუნდი მუშაობს, მათ შორის ფსიქოლოგები, სპეციალური განათლების პედაგოგები, ფიზიკური აღზრდის სპეციალისტები.

ამჟამად ჩვენი ორგანიზაცია თბილისში მცხოვრებ დაბადებიდან 7 წლამდე 57 ბავშვსა და მათ ოჯახებს აერთიანებს.

ბავშვებს, რომლებთანაც ჩვენ ვმუშაობთ ზოგს დაუნის სინდრომი აქვს, ზოგს აუტიზმი, ზოგს ცერებრული დამბლა, ზოგს ფენულკეტონურია და სხვა.

სახლის ვიზიტებზე დაფუძნებული ადრეული ჩარევის პროგრამა საქართველოში პირველად ჩვენ დავნერგეთ. ჩვენი პედაგოგები ამ პროგრამით ყოველკვირეულად დადიან ბავშვებთან სახლებში, მშობლებთან ერთად ადგენენ მათი განვითარების ინდივიდუალურ გეგმას და მშობლებთან ერთად ამ გეგმაში დასახული მიზნების მიღწევაზე მუშაობენ.

ჩვენი პედაგოგების დახმარებითა და ზედამხედველობით მშობლები ბავშვებს უვითარებენ კოგნიტურ, სოციალურ–ემოციურ, მოტორულ, თვითმოვლისა და კომუნიკაციურ უნარებს, რაც მათი სოციალური ინტეგრაციისათვის ასე აუცილებელია.

ბავშვები კვირაში ერთხელ მოდიან ჩვენს ცენტრში, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში მდებარეობს. მცირე ჯგუფებში მათ უტარდებათ სენსორული, მუსიკალური, ფიზიკური და ხელოვნების თერაპიის გაკვეთილები.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მცირე ასაკიდანვე ბავშვების სოციალური ინკლუზიის იდეა. ამიტომ მეორე წელიწადია, რაც თბილისის 20 საპილოტე ბაგა–ბაღში ინკლუზიური სწავლების დანერგვის პროექტს ვახორციელებთ. დღეს უკვე ამ ბაღების 44 ინკლუზიურ ჯგუფში 70 მდე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვია ჩართული.

ჩვენი პედაგოგები მუშაობენ მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე – სახლში, ცენტრში, ბაღებში შესაძლოა გაკვეთილი ჩატარდეს ქუჩაში, თუ ბავშვს მოძრაობის წესები უნდა შეასწავლოთ, ან რომელიმე სკვერში, თუ ბავშვს სათამაშო მოედანზე რიგის დაცვა და სხვა ბავშვებთან ურთიერთობის წესები უნდა შეასწავლოთ. ჩვენი მუშაობის სტილი ძალიან მოქნილი და ბავშვზე ორიენტირებულია.

ჩვენ რეგულარულად ვაწყობთ შიდა სემინარებს ჩვენი პროფესიონალური დონის კიდევ უფრო მეტად ასამაღლებლად, ვთარგნმნით და შეძლებისდაგვარად გამოვცემთ ჩვენი ბავშვებისათვის საჭირო სპეცილაურ ლიტერატურას, ვაწყობთ საგანმანათლებლო სემინარებს და შეხვედრებს მშობლებისათვის.